საფასურის გადახდის კონტროლი
11 July 2019ყოველდღიურად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რამდენიმე ასეული ავტობუსის საშუალებით ემსახურება მგზავრებს, რომელთა რაოდენობა 200.000-ს აჭარბებს. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას. სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციის და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით კომპანიაში შეიქმნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომლის ფუნქცია უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაა. ყოველდღიურად 150-200 კონტროლიორი პატრულირებს თბილისის სხვადასხვა უბანში უბილეთო მგზავრობის აღკვეთის მიზნით.
უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 40 ლარის ოდენობით.
მგზავრს უფლება აქვს ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.